თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 May, 2018

                                                          

სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. რომელსაც ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ქსელის (Rec Caucasus) დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერეს. 
თანამშრომლობის მემორანდუმი დედოფლისწყაროს მერიას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის საკუთრების გამოყენების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. მიწის რესურსების მდგრად და ეფექტიან გამოყენებასთან ერთად, უწყებებს შორის თანამშრომლობა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობასაც შეუწყობს ხელს. 
მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საპილოტო პროექტის შედეგად არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ სივრცით-ტერიტორიული ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებს დედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი, თავის მხრივ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს. 
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი და მერიის მთავარი სპეციალისტი საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ანა ბენაშვილი ესწრებოდნენ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არხილოსკალო ერთ-ერთია იმ თორმეტი დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს.

გააზიარე