,,ქალთა ოთახში" პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

6 სექტემბერი, 2018

                                                                                             

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახში “ პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტებსა და მასზე რეაგირების სამართლებრივ მექანიზმებზე პრეზენტაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის პასუხისმგებელმა პირმა გენდერულ საკითხებზე, ეთო შიუკაშვილმა გააკეთა. გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვალერი ძამსაშვილმაც. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მერიის სამსახურების თანამშრომლები.

აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს. ასეთ დროს ასევე განსაკუთრებული როლი აქვთ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებმაც ამგვარი ფაქტების შესახებ დროულად უნდა აცნობონ სახალხო დამცველს, რომელსაც კონფიდენციალურობის ვალდებულება აკისრია. 
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. 
ოჯახში ძალადობისგან თავის დასაცავად მსხვერპლს შეუძლია დარეკოს: გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112
ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი: 116 006
კახეთის რეგიონის ოფისის ცხელი ხაზი,: 14 81

გააზიარე