არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენრში შეხვედრა გაიმართა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში , არხილოსკალოში განხორციელებული სამუშაოები პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად შეაჯამა.
აღინიშნა, რომ ამ დროისათვის არხილოსკალოში 2 330 მიწის ნაკვეთიდან 1300-ზე მეტია რეგისტრირებული. სოფელ არბოშიკში კი 2 417 ნაკვეთიდან -289. სამუშაოები გრძელდება და მისი დასრულება მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმართა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს არხილოსკალოში განხორციელდება: ,,მე არ ვისაუბრებ 50 000 და 100 000 ლარიან პროექტებზე. გეტყვით, რომ წელს დაიწყება ქედების ზონის სოფლების, ასევე ჭოეთისა და თავწყაროს გაზიფიცირების სამუშაოები , რაც , დამეთანხმებით, მართლაც საშვილიშვილო საქმეა, რადგან ქედებს არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირი. წელსვე არხილოსკალოსკალოს ექნება ახალი გზა , რომლის სამშენებლო სამუშაოებიც უკვე დაწყებულია და თქვენ გექნებათ როგორც ზემო ქედთან , ასევე ქვემო ქედთან დამაკავშირებელი საუკეთესო გზა. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისიც, რომ საბავშვო ბაღი გადავა ახალ შენობაში და თქვენი შვილები იქნებიან საუკეთესო პირობებში“- აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საპილოტე პროექტი წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში , კერძოდ კი საქართველოს 12 დასახლებაში განახორციელა, მათ შორის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში- არხილოსკალოსა და არბოშიკში. პროექტის ფარგლებში, საკარმიდამო და სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოქალაქეთა ნაცვლად, უფასოდ შეასრულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელება 2017 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.