თელავში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გაიმართა

4 May, 2018

                                                                                    

 

თელავის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის დარბაზში გაიმართა ღონისძიება- „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.
ღონისძიებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი მონაწილეობდა. 
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც წარმატებით ხორციელდება 6 ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
ინიციატივის უმთავრესი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილობრივ დონეზე.
ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, პროექტის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა - პიტერ რ. კორსბიმ და ამავე პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში - ზვიად არჩვაძემ.
სიტყვით გამოსვლისას მხარის გუბერნატორმა აქცენტები გააკეთა მუნიციპალიტეტების განვითარების ახალ ეტაპზე და ყველა იმ სიკეთეზე, რასაც ევროკავშირის პროგრამების განხორციელება მოუტანს თითოეულ მუნიციპალიტეტს.
„დღეს, მუნიციპალიტეტები განვითარების ახალ ფაზაში გადადიან, მათ თვითონ უნდა იზრუნონ და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივის გაზიარება და პროგრამაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართულობა, საშუალებას მოგვცემს გავიღრმავოთ ცოდნა, რათა შევძლოთ ევროკავშირის პროექტების ეფექტურად განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს და სიკეთეს მოგვიტანს ადგილობრივ დონეზე“.
ღონისძიების დასასრულს, კახეთის რეგიონში შემავალი ყველა თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელს პროგრამაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართულობის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

გააზიარე