აგვისტოს გმირის ხსოვნას მიეძღვნა

10 აგვისტო, 2018

                                                                  

შინდისის გმირის, თეიმურაზ ბერიძის ხსოვნას მიეძღვნა საფეხბურთო ტურნირი, რომელიც სოფელ ფიროსმანში ჩატარდა. 
მემორიალურ ჩემპიონატში სოფლის 6 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ,,მარანი“ და ,,ზემო უბანი“ დაუპირისპირდნენ, საფინალო შეხვედრაში კი ,,მარანმა“ ,,ზემო უბანს“ ანგარიშით - 4:2 სძლია და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. 
ტურნირის გამარჯვებულები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელმა აკაკი ნატროშვილმა სიგელებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. 
კაპრალი თეიმურაზ ბერიძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა, ის დაჭრილიც კი მამაცურად ებრძოდა მტერს. მოწინააღმდეგის ალყაში მოქცეული და თავგანწირვით მებრძოლი ქართული ოცეულის გმირობის ისტორია მთელი საქართველოსთვის სამაგალითო გახდა. 
ფიროსმანელი შინდისის გმირის, თეიმურაზ ბერიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დეოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით წელს მეშვიდედ ჩატარდა.

 

გააზიარე